15/11/2023
7 ოქტომბრის ღონისძიებიდან კადრს მიღმა ამბები 🍁🍂
🍁 ამ ღონისძიების დაგეგმვა ზაფხულის ცხელი დღეებიდან დავიწყეთ.საგურამოში, გურამშივილის მარანში იყო ჩანიშნული ქორწილი, იქ კი როგორც მოგეხსენებათ მოწითალო აგურის თაღებია, ხის მოყვითალო იატაკი, კედლები კი ღია იისფერი. ჩვენს დიაზინერს, მარიამს, მალევე ეწვია შთაგონება და შემოდგომის ფერებში დაინახა ეს ქორწილი. დაიწყო დიდი ფუსფუსი და მზადება, იყო ბევრი მისვლა მოსვლა ყვავილებისა თუ ლარნაკების შერჩევა, სირბილი მაღაზიიდან მაღაზიაში, იქ შანდლები შორეული აზიის ქვეყნიდან გამოვწერეთ, აქეთ თურქეთს ვაფრინეთ დესპანი ოქროს გრაალებისთვის. რაც უფრო ახლოვდებოდა ქორწილის დღე მით უფრო ახალ ახალი ფორმები თუ ფერები იხატებოდა მარიამის წარმოსახვაში.
🍂🍁და აი,მოვიდა 7 ოქტომბერიც.სამზადისს მზის ამოსვლამდე შევუდექით,
გავამზადეთ წასაღებად შერჩეული ნაირ ნაირი ფერის ყვავილი , ხის ხელნაკეთი თაღი, შანდელბი და ულამაზესად თლილი ლარნაკები, შევაღვიძეთ დამხმარე დიზაინერები და გავემართეთ საგურამოსკენ. ისე როგორ გამოვა ხოლმე, რამე მოულოდნელობამ არ იჩინოს თავი, ხოდა არც ახლა ჩაუვლია ისე, შუა მზადებისას ატყდა ბავშვების ჟრიამული, დაინთო მაყალი,აშიშხინდა მწვადები, მოიხარშა თათარა, იყო ბავშვების სირბილი და ჩურჩხელების ამოვლება, აღარ ვიცოდით რა გვექნა, იმას ვნატრობდით ყვავილები არ ამოგვევლო თათარაში შემთხვევით ან რომელიმე ბავშვს ჩვენი თლილი ლარნაკები სამიზნედ არ ამოეღო. ჩვენი ვედრება ისმინეს ღმერთებმა, მალე ჟრიამულის ნისლი გაიფანტა და გამოჩნდა ჩვენი ლამაზი ქმნილებაც, ყველა შევცქერდით ჩვენს ნახელავს გადაღლილნი, ღამენათევნი, თუმცა ამ მშვენიერების ცქერით დამტკბარნი.